გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ TIME-მა 2020 "წლის ადამიანად" ერთობლივად დაასახელა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ბაიდენმა და ჰარისმა მადლიერება გამოხატეს და თქვეს, რომ ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილება მათთვის პატივი იყო. ამ წოდების მინიჭება წელს პანდემიის გამო დისტანციურ ფორმატში მოხდა. გამარჯვებულების გამოცხადება და მათი გამოსვლები წინასწარ ჩაიწერა ვიდეოზე.
გამარჯვებულის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოცემამ წარადგინა ფინალისტების მოკლე სია, რომელშიც იყვნენ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ენტონი ფაუჩი და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და რასობრივი თანასწორობის მოძრაობა.
TIME წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. 2019 წლის ადამიანად გამოცემამ გარემოს დამცველი ახალგაზრდა აქტივისტი გრეტა ტუნბერგი დაასახელა.