მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი, პროევროპული ოპოზიციური პარტიის "მოქმედებისა და სოლიდარობის" ლიდერი მაია სანდუ მთავრობას მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
"ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს, ამის მისაღწევად უმოკლესი გზა კი მთავრობის გადადგომაა", - განაცხადა სანდუმ დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.
სანდუმ ამჟამინდელი მთავრობა და პარლამენტი კორუფციაში დაადანაშაულა.
"ეს არის მოქალაქეთა პროტესტი, რომელთაც სურთ ცვლილებები, მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, განაგრძოს სახელმწიფოს ძარცვა", - თქვა სანდუმ და დასძინა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს.
"დოდონი ცდილობს ცეცხლის დანთებას, ქაოსის პროვოცირებას, კრიზისის გამწვავებას და ხალხის ცხოვრების გაუარესებას. ბოლო დღეებში პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული კანონები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ისინი ართმევენ პრეზიდენტს კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობას. ქვეყნის ბიუჯეტი საფრთხის ქვეშაა", - აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
სანდუმ ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური დაადანაშაულა მთავრობისა და პარლამენტის საშუალებით ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში.