2 დეკემბერი ლეგენდარული საოპერო მომღერლის, მარია კალასის დაბადების დღეა.
მარია კალასი დაიბადა 1923 წლის 2 დეკემბერს, ნიუ იორკში ბერძენი ემიგრანტის გეორგოს კალოგეროპულოსის ოჯახში. კალასის ბავშვობა არც თუ ისე ბედნიერი იყო. ვაჟის დაღუპვის შემდეგ დედას ძალიან უნდოდა, ბიჭი გაეჩინა და ახალდაბადებულ ქალიშვილს ზედ არც კი უყურებდა. მარია მიტოვებული ბავშვივით იზრდებოდა და მხოლოდ მისმა უეცარმა დიდებამ, ბრწყინვალე ხმითა და აბსოლუტური სმენით, შეარიგა დედასთან.
მოგვიანებით ბავშვობის გახსენებისას კალასი ნაღვლიანად ამბობდა: "ვგრძნობდი, რომ სხვებს ვუყვარვარ, ოღონდ როდესაც ვმღერი".
მისი ურთიერთობა დედასთან უცნაურად დასრულდა. მექსიკური ტურნეს შემდეგ მარიამ დედას საჩუქრად ქურქი გაუგზავნა და მას შემდეგ ის აღარასდროს უნახავს.
მუსიკალური განათლება მიიღო საბერძნეთში, სადაც 14 წლის მარიამ ათენის კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.
1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიკული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.
1947 წელს მარია კალასი ხვდება ცნობილ დირიჟორს ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინმა მარია დიდი ოპერის სცენაზე გაიყვანა. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის "აიდაში" და ბელინის "ნორმაში" 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ვაგნერის "ვალკირიებში" და ბელინის "პურიტანელებში" შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი.
იგი ასრულებდა როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო ("ოთხი ხმა ერთ ყელში" - ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი მისი უნიკალური ხმისთვის.
კალასის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა. თავის სახლად მან მზიანი იტალია აირჩია - იქ მას აღმერთებდნენ. მილიონერი ჯოვანი ბატისტა მენეგინი, რომელიც კალასზე 27 წლით უფროსია, მისით აღფრთოვანებული იყო. მალე კალასი და მენეგინი დაქორწინდნენ. ჯოვანი მენეგენი, რომლის გვარსაც ცოტა ხნით ატარებდა მარია კალასი, დიდი ხნის განმავლობაში მისი მენეჯერი, კომპანიონი და მეურვე იყო.
კალასის მუსიკალური კარიერის აღზევება 1950-იან წლებში დაიწყო. იმ დროისთვის, ის იყო უდიდესი საოპერო მომღერალი, რომელმაც მსოფლიოში ყველა დიდი საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა. კალასის რეპერტუარი ძირითადად მე-19 საუკუნის იტალიურ საოპერო ნაწარმოებებზე იყო ორიენტირებული. თავადაც განსაკუთრებულ სიყვარულს ბელინისა და დონიცეტის მიმართ გამოხატავდა. "ლუჩია დი ლამერმური" და "ნორმა" ის ოპერებია, რომლებიც ყველაზე მეტად მარია კალასთან ასოცირდებიან, თუმცა მის შემოქმედებაში ასევე დომინირებდა ისეთი ოპერები, როგორებიცაა "ანა ბოლეინი", "პურიტანელები" და "სომნამბულა" და სხვა.
ის იყო ასევე ვერდისა და პუჩინის ოპერების ბრწყინვალე შემსრულებელი. მისი ვიოლეტა "ტრავიატა"-დან რჩება მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შესრულებად. ხოლო მისი "ტოსკა" და "მადამ ბატერფლაი", ყველა დროის საუკეთესოდ შერულებულ არიათა შორის არიან.
მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს ჩერდება. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენ–ოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ - საბოლოოდ გატეხა იგი.
1960-იანი წლების მიწურულს მარია კალასმა დატოვა სცენა. თუმცა მას ჰქონდა მცდელობა 70-იან წლებში დაბრუნებოდა სასიმღერო კარიერას, როდესაც დაიწყო ჯუზეპე დი სტეფანოსთან ერთად ტურნე მსოფლიოს გარშემო.
1970 წელს კალასი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმში მედეას როლს დასთანხმდა. ეს როლი სარკესავით ირეკლავდა ყველა მის ტანჯვასა და წამებას.
"ეს ქალი, რაღაც აზრით, ქალთა შორის ყველაზე თანამედროვეა, მაგრამ მასში ცხოვრობს უძველესი ქალიც - უცნაური, მისტიკური, ჯადოსნური, საშინელი შინაგანი კონფლიქტებით", - იხსენებდა პაზოლინი.
1977 წლის 16 სექტემბერს, პარიზში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მარია კალასი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
"ასწლეულის ხმა სამუდამოდ დადუმდა!" - წერდა მსოფლიო პრესა.