ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვების ფაზაში ვიმყოფებით, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ შვეიცარიის ფრანგულენოვანი გამოცემა "Le Temps"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველო საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმება.
"ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმება და ამ გზით ოთხი უფლების განხორციელება: ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლა, მომსახურება, ქონებისა და კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა. ევროკავშირში გაწევრიანება კი უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაა", _ განაცხადა გორდაძემ და ამ საკითხზე ევროკავშირის პოზიციის შესახებ აღნიშნა, რომ ოთხ მიმართულებიდან: პოლიტიკა და უსაფრთხოება, სამართალი და თავისუფლებები, შეთანხმებები სექტორებს შორის და თავისუფალი ვაჭრობა, პირველი სამი არანაირ წინააღმდეგობას არ ხვდება, სამაგიეროდ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი საქართველოსთან ევროკავშირისთვის, რომელიც ხუთას მილიონ მომხმარებელს წარმოადგენს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან საქართველოს ბაზარი პატარაა, აქ 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ის, როგორც სჩანს მზადაა თავისუფალ ვაჭრობაზე მსგავსი ხელშეკრულება ლიბიასთან გააფორმოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რით ახსნიდა იმ ფაქტს, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირისკენ შებრუნდა, გორდაძემ აღნიშნა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირი გაფართოვებისთვის მზად არ იყო, თბილისი კი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავდა.
"2003 წლის ნოემბრიდან, საქართველო ყოველთვის მიისწრაფვოდა ევროკავშირთან დაახლოვებისკენ. 2009 წელს დაწყებული „აღმოსავლური პარტნიორობის" პროექტი ამ ამოცანას ამარტივებს და ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირმა რეგიონში უფრო აქტიური მოქმედება დაიწყო", _ განაცხადა გორდაძემ.