საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გაუმჯობესდეს ადვოკატსა და პატიმარს/მსჯავრდებულს შორის პირად შეხვედრათა ეფექტურობა. ასევე, მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტურქტურული საკითხები;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის #89 ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ დაცვის უფლების განხორციელება იყოს რეალური და არ იქნეს ეს უფლება შეზღუდული.
ამჟამად არსებული რეგულირების მიხედვით დაცვის უფლების განხორციელება შესაძლოა შეიზღუდოს და არსებობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების შელახვის რისკი, _ განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის #8 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული გეგმური ვიზიტის შემდეგ დაფიქსირდა რიგი პრობლემური საკითხი, რომლებიც ადვოკატებსა და პატიმართა შეხვედრის პროცედურებს ახლდა თან.
აღნიშნული დაწესებულება არის შედარებით ახალი აშენებული და მასში კარგი პირობებია სხვებთან შედარებით, მაგრამ ეს ვერ ახდენს ადვოკატთა ყოველდღიური რიგის შემცირებას.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ადვოკატთა დაუბრკოლებლად შეხვედრის ვალდებულების უზრუნველყოფას. საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტროს მხრიდან. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის ეფექტური განხორციელება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ხშირია მომართვები ადვოკატთა მხრიდან, რადგან მათ არ ეძლევათ თავიანთი საქმიანობის ეფექტური განხორციელების შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის არარსებობის ან გაუმართაობის გამო, ნათქვამია სახალხო დამცველის აპატარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.