ჯანდაცვის სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულაცია შემოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
ინიციატივის თანახმად, ცვლილება შედის რამდენიმე კანონში. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, ინიციატივის მთავარი არსი არის ის, რომ ხდება ინტერესთა შეუთავსებლობის განსაზღვრა. კანონი ადგენს ნორმებს, თუ რა მიიჩნევა ინტერესთა შუთავსებლობად და რისი დაცვა მოუწევთ სამედიცინო სფეროს მოსამსახურეებს. არდაცვის შემთხვევაში კი წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა.
ინტერესთა შეუთავსებლობა ყალიბდება რამდენიმე პრინციპით: 1. ექიმს ეკრძალება გარიგებაში შევიდეს რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან პირადი კომერციული ინტერესის მიზნით; 2. სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პირობებში პაციენტთან ურთიერთობისას არ უნდა მოქმედებდეს რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ; 3. ფარმაცევტული პროდუქციის შერჩევისას პაციენტს უნდა შესთავაზოს წამლების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით და არა ერთი რომელიმე კომპანიის წამლები; 4. პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ გამოიყენოს რომელიმე კომპანის ბლანკი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
ინიციატივა ითვალისწინებს აგრეთვე იმას, რომ ექიმი ვალდებული იქნება, აუცილებლად წერილობითი ფორმით აწარმოოს გაწეული მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია და ასახოს ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც, თუ მომსახურეობას ეწევა არასამუშაო ადგილზე. კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს დაამტკიცებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება აღნიშნული წესების არდაცვას, კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობა და ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან პირადად ექიმის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება განმეორების შემთხვევაში დაისჯება 2 ათასი ლარით. მთავრობის ეს ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისად დაიწყება საკომიტეტო განხილვები.