27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 170 წელი სრულდება. იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანი (ახლანდელი გორის რაიონი) დაიბადა.
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა.
გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.
გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის პედაგოგიკის მთავარი პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად _ შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: "ბურჯი ეროვნებისა", "ხე ნაყოფით იცნობება", "ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში", "ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში", "ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ", "სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი", "განათლების მდგომარეობა საქართველოში", "მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დედა ენა" (1876), "რუსსკოე სლოვო" (1887), რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში. მათ პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მისი ბევრი მოთხრობაი. ცნობილი ნაწარმოებია "იავნანამ რა ჰქმნა" (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეული პედაგოგიკისა და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისთვის. იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს; სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. გოგებაშვილი 1912 წლის 14 ივნისს თბილისში გარდაიცვალა.
1940 წელს აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952-1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსთვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება დღესასწაული იაკობობა, 1976 წელს ჩატარდა "დედა ენის" 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის "დედა ენისა" და "ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.