თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მტკიცედ განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს, რათა თავისი მომავალი ევროპასთან ერთად ააშენოს.
მისი თქმით, თურქეთი კვლავაც ერთგულობს თავის ამ არჩევანს.
"ვცდილობთ ავაშენოთ ჩვენი მომავალი ევროპასთან ერთად და ორიენტირებულები ვართ ყველა მეგობარ ქვეყანასა და მოკავშირესთან თანამშრომლობაზე. თურქეთი მზადაა გამოიყენოს მჭიდრო მოკავშირე ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან რეგიონული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად", - განაცხადა ერდოღანმა ვიდეოგამოსვლაში, რომლითაც მან საკუთარ თანაპარტიელებს მიმართა.
მან დასძინა, რომ თურქეთს გადაწყვეტილი აქვს დაიკავოს ღირსეული ნიშა ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც პანდემიის შემდეგ გამოჩნდება.
თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 1963 წელს მოაწერა. 1987 წელს კი შეიტანა განცხადება კავშირის წევრობის შესახებ. ამასთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო და ევროკავშირსა და თურქეთს შორის უთანხმოების გამო არაერთხელ შეჩერებულა.
ფოტო: GettyImages