შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უარი, აღიაროს არჩევნების შედეგები, "საოცრად უპასუხისმგებლო" ქცევაა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ საოცარი უპასუხისმგებლობის მოწმენი ვართ", - თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის მოქმედება მსოფლიოსთვის ძალიან ცუდი გზავნილია.
"დემოკრატიის ფუნქციონირების შესახებ წარმოუდგენლად დესტრუქციული გზავნილია მსოფლიოსთვის. მე არ ვიცი რა ამოძრავებს ტრამპს, მაგრამ ის სრულიად უპასუხისმგებლოა", - დასძინა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი ამ კომენტარით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მოწოდებას შტატების ხელისუფლებებისადმი, რომ უარი თქვან არჩევნების შედეგების დამოწმებაზე.
"ის, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს, კიდევ ერთი შემთხვევაა იმისათვის, რომ ტრამპი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტად შევიდეს", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.
იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.
შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".
ფოტო: AP