ის ფაქტი, რომ National Geographic-ს საქართველო TOP-25 მიმართულებას შორის შეყავს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური იყოს, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მორიგი აღიარება საერთაშორისო არეალზე ტურისტულ კერძო სექტორს იმის საშუალებას მისცემს, რომ მომდევნო წელს სწრაფი ტემპით აღდგენა დაიწყოს.
"ჩვენთვის ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ასეთ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, კვლავ მოხვდა ძალიან გავლენიანი გამოცემის რადარებზე და საქართველო აღიარებულია, როგორც 2021 წლის ტოპ-25 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მთელი მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით, ტურისტულად აქტიური მიმართულება იყო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღიდგინოს ტურისტული ძალები და დაუბრუნდეს განვითარების იმ ეტაპს, რაც პანდემიამდე გვქონდა.
ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი გამოცემას საქართველო შეყავს TOP-25 მიმართულებას შორის ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩვენი პოზიტიური მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური იყოს მომდევნო წლისთვის. ეს რა თქმა უნდა აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო არეალზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მისცემს ჩვენს ტურისტულ კერძო სექტორს იმის საშუალებას, რომ მომდევნო წელი იყოს წელი, როდესაც ჩვენი სწრაფი ტემპით დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას", აცხადებს ქვრივიშვილი.
შეგახსენებთ, რომ National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს.
25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.
National Geographic პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.
„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ.“