29 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოსთან დევნილების აქცია გაიმართება. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართულ აქციზე, "კონსერვატორების" წევრმა და დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 29 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაა დანიშნული და მომიტინგეებმა სწორედ საკრებულოსა და დედაქალაქის მერიაზე ზეწოლით უნდა მიაღწიონ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
როგორც ცნობილია, სუბელიანის უწყბასთან კარვებია გაშლილი და რამდენიმე დევნილი უკვე მერვე დღეა შიმშილობს. პროტესტანტები თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისის ნებისმიერ უბანში ითხოვენ.
სამინისტროს განცხადებით კი, სახელმწიფო დევნილებს სთავაზობს კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში, რომლებიც შემდეგ მათ საკუთრებაში გადაეცემათ.