საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი `ლიბო~ საჯარო ბიბლიოთეკაში აწყობს აქციას `ქართული საბავშვო წიგნის დღე _ 27 ოქტომბერი~.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს თარიღი უკვე მეხუთედ აღინიშნება. ის დაარსა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა, რომლის დამფუძნებლები არიან საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური.
ფონდი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის.
შეხვედრაზე შეიკრიბებიან ქართველი საბავშვო მწერლები, ილუსტრატორები, გამომცემლები, ნაჩვენები იქნება ფონდის მიერ გადაღებული ინგლისურენოვანი ფილმი ფონდის საქმიანობის შესახებ, გამოიფინება ახალი ქართული საბავშვო წიგნები, შეჯამდება ფონდის კონკურსის «ბავშვების რჩეული-2009~ საფინალო ეტაპი და ჩატარდება ფონდის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
წელს, ფონდისთვის განსაკუთრებული წელია : გარდა იმისა, რომ მისი დაარსებიდან 5 წელი შესრულდა, ფონდი ასევე გახდა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი.
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გამოაქვეყნა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის (`ალმა~) 2011 წლის კანდიდატთა სია, რომელშიც პირველად პრემიის არსებობის ისტორიაში შევიდა საქეთველოს წარმომადგენელიც. ეს არის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი `ლიბო~.
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია `ალმა~ შვედეთის სახელმწიფოს მიერ 2003 წელს, დიდი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის უკვდავსაყოფად და მთელ მსოფლიოში საბავშვო წიგნის პოპულარიზაციისათვის დაარსდა. ის ყველაზე დიდი პრემიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და ამ დარგში მოღვაწე ორგანიზაციებს ყოველწლიურად გადაეცემა. საპრემიო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. საქართველო ამ საპრემიო კომიტეტს 2006 წლიდან შვედურ-ქართული მემორანდუმის საფუძველზე მიუერთდა. თუმცა კანდიდატების წარდგენა საქართველოდან წელს, პირველად განხორციელდა. ეს მოვლენა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის ფონდისათვის, არამედ მთელი ქართული საბავშვო მწერლობისათვის და თავად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფაქტია.
ღონისძიება გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, (ქვედა დარბაზი), გუდიაშვილის 7, დასაწყისი 16.00 სთ.