აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღო. ამის შესახებ ალიევმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - თქვა ალიევმა.
შუშა (სომხურად შუში) მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქიდან (სტეპანაკერტი) 11 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
სომხური მხარე ალიევის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
მანამდე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ შუშის სიახლოვეს შეტაკებებში აზერბაიჯანულმა არმიამ მნიშვნელოვანი მარცხი და დანაკარგი იწვნია.
ფოტო: Azertag