პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს დღეს ყველაზე მეტად "ლელოსი" ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა.
"ის, რაც შეძლო "ლელომ" ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო; ჩვენ ერთად, დიახ, თქვენთან ერთად, უმოკლეს დროში შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა "ლელოს" არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე სწორედ "ლელო" იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს "ლელოსი" ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ "ლელო" ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
ჩვენ არ ვმარცხდებით! "ლელოს" და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის", - წერს მამუკა ხაზარაძე.
როგორც მამულა ხაზარაძე აცხადებს, "ლელომ" შეძლო ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა.
"ლელოელებმა, საქართველოს ათასობით გულანთებულმა მოქალაქემ, შევქმენით უკონკურენტო გუნდი, დაკომპლექტებული ახალი თაობის პოლიტიკოსებით, რომლებმაც საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეს წარმატებას თავიანთ პროფესიებში; შემდეგ კი ეს ენერგია, გამოცდილება და ცოდნა სამშობლოს სამსახურისკენ მიმართეს. ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა.
ერთ წელიწადში "ლელომ" თქვენთან ერთად შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა, სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს "ლელოს" მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს, "ლელო" არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში - "ლელო" თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით.
ლელოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შექმნეს "მარშალის გეგმა - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა" - ქვეყნის შეუქცევადი განვითარების გზამკვლევი. ახალმა "მარშალის გეგმამ" არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა", - აცხადებს ხაზარაძე.
მისი თქმით, "ლელო" ფარ-ხმალს არ დაყრის და იბრძოლებს მანამ სანამ ქვეყანაში დემოკრატია არ გაიმრჯვებს.
ჩვენ - "ლელო" ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენს, ჩემს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. დღეს ერთი ხმა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალია. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. მე 5 შვილი მყავს და მე არ მაქვს უფლება, ფარ-ხმალი დავყარო, არცერთ ჩვენგანს არ აქვს ახლა უკან დახევის უფლება, რადგან ეს ქვეყანა და მისი მომავალი სწორედ რომ თქვენია...
ვენ არ ვმარცხდებით! ლელო და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.