ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.
კაპანაძის თქმით, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში არის მნიშვნელოვანი გადაცდომები, სადაც ბიულეტენების რაოდენობა გაცილებით მეტია არჩევნებზე მისულთა რაოდენობაზე. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ე.წ „ბიძინას კარუსელში“ ჩართული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია.
კაპანაძის თქმით, გაყალებების ეს მასშტაბი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არჩევნები ელემენტალურადაც არ ასახავს ქართველო ხალხის ნებას.
"მე დღეს მინდა მოგაწოდოთ სტატისტიკა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ამოვიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მიხვდეთ რამდენად შემაშფოთებელი და რამდენად მასშტაბური იყო ის სქემა გაყალბების, რომელიც მუშაობდა.
3847 უბნის ოქმიდან, მაჟორიტარულ ნაწილში, 52%-ში, ანუ 2007 ოქმში არ ჯდება რიცხვები. ანუ, პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგა უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში არჩევნების, არის ხარვეზიანი.
ასეთი სტატისტიკა არ ყოფილა არასოდეს აქამდე, თუ არ ჩავთვლით 90-იანების ბოლოს და 2003 წლის არჩევნებს. ამ 2007 ოქმიდან, რომელშიც რიცხვები არის დარღვეული და არ ემთხვევა და რომელიც საფუძველი უნდა იყოს პირდაპირ მათი გაუქმების, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ისეთი უბნები, სადაც ჩაყრილია უბრალოდ ბიულეტენები, ანუ ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას. ასეთია 125 უბანი, ანუ პრაქტიკულად, 125 უბანი უბრალოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ უფრო მეტმა მისცა ხმა, ვიდრე რეალურად მივიდა არჩევნებზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
დანარჩენ 1882 უბანზე არის გატანილი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან და სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით არის დატრიალებული ე.წ „ბიძინას კარუსელი“. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ მეორე უბანზე, მაჟორიტარულ ნაწილში ტრიალებდა კარუსელი. 440 უბანზე, მინიმუმ 5 კარუსელი ტრიალებდა, რაც ბუნებრივია, ძალიან ამახინჯებს საარჩევნო შედეგებს.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, დისბალანსი არის ყოველ მესამე უბანზე, ანუ 1175 ოქმში, 3847- დან არის დისბალანსი, ანუ ეს არის ყოველი მესამე, 30% დაახლოებით უბნების. აქედან, 969 უბანზე, ძალიან მაღალი ალბათობით არის დატრიალებული კარუსელი, ანუ 969 უბანზე ბიულეტენები აკლია, ანუ ცარიელი კონვერტები არის ჩაყრილი ურნებში.
ამ ცარიელი კონვერტების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 8000 კონვერტი არის, რომელიც აკლია მარტო პროპორციულ ნაწილში. ანუ დაახლოებით მინიმუმ 4000 დან 8000 მდე კარუსელი ტრიალებდა უბნებზე. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ კარუსელში შეიძლება მონაწილეობდეს 10-დან 30-მდე ადამიანი, შეგვიძლია დავუშვათ, რომ დაახლოებით 40 000-დან 100 000 ადამიანამდე იყო ჩართული ამ კარუსელში. ეს არის იმ რაოდენობის ადამიანები, რომლებზეც კონტროლის მექანიზმად იყო გამოყენებული ზეწოლის და ფულის მიცემის შემთხვევაში კარუსელი, ანუ მათ მისცეს ბიულეტენები, რომლებიც წინასწარ იყო შემოხაზული, უნდა ჩაეგდოთ ეს ბიულეტენი ურნაში და გარეთ გამოეტანათ სხვა ცარიელი ბიულეტენი.
რომ შევაჯამო, ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მასშტაბი გაყალბების იყო ძალიან დიდი და გამომდინარე აქედან და გამომდინარე იქედან, რომ დასკვნა რომელიც გამოაქვეყნა ISFED-მა, რომ 4%-იანი აცდენა არის ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებს და რეალურად რაც არის დაწერილი ოქმებში, ამ მონაცემებს შორის, ამას თუ დავუმატებთ ეხლა მე რაც ვთქვი და განსაკუთრებით თუ დავუმატებთ და გავითვალისწინებთ „ბიძინას კარუსელების“ შედეგად რამდენი ადამიანი იქნა გაკონტროლებული და როგორი ტიპის ზეწოლა იყო მათზე და როგორ ხდებოდა კარუსელებით ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები უბრალოდ, ელემენტალურადაც კი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა კაპანაძემ.