არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა. გადაითვალა რამდენიმე საარჩევნო უბანი, 18 გადასატანი ყუთი გადაითვალა და 9 მათგანი საერთოდ გაუქმდა. მცხეთაში აბსოლუტურად გაუქმდა მაჟორიტარული ნაწილი, რაც მეორე ტურის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ადმინისტრაცია სათითაოდ განიხილავს ყველა ოქმს და სწავლობს ისეთ ოქმებსაც, რომლებზეც საჩივრებიც კი არაა შეტანილი. ეს პროცესი მაქსიმუმ 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც კამპანიური ხასიათისაა და ემსახურება იმ მიზანს, თითქოს შედეგების მიმართ სერიოზული კითხვებია. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მცირე ხარვეზები და ამაზე საუბრობენ კიდეც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუმცა სოცქსელებში და მედიაში ვრცელდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები. კერძოდ, ვრცელდება სწორი ოქმები, თითქოსდა ისინი არასწორია; ან ისეთი ოქმები, რომლებსაც ახლავს შესწორებითი ოქმებიც, თუმცა მიზანმიმართულად ვრცელდება შესწორების ოქმების გარეშე. ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ ამაზე ჩვენ დიპლომატებს მივაწოდეთ ინფორმაცია. ახლა მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და წარმოუდგენელია, როდესაც წინასწარ შედეგებზე მიმდინარეობს ოფიციალური აპელირება. არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა. გადაითვალა რამდენიმე საარჩევნო უბანი, 18 გადასატანი ყუთი გადაითვალა და 9 მათგანი საერთოდ გაუქმდა. მცხეთაში აბსოლუტურად გაუქმდა მაჟორიტარული ნაწილი, რაც მეორე ტურის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ადმინისტრაცია სათითაოდ განიხილავს ყველა ოქმს და სწავლობს ისეთ ოქმებსაც, რომლებზეც საჩივრებიც კი არაა შეტანილი. ეს პროცესი მაქსიმუმ 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ჟვანიამ.