მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნები მათ მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა.
"ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, თვისებრად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას“, - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ.
"სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა.
გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე.
ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, - თქვა კობახიძემ.