პარტია "სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები რეალობას არ ასახავს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, ვინაიდან აცხადებენ, მათი ხმები დაიკარგა.
"საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ ასახავს რეალობას. დღეს დილიდან ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმის გამო, რომ მათი ხმები დაიკარგა. პირადად ისინი და მათი ოჯახის წევრები მიდიოდნენ უბნებზე, აძლევდნენ ხმას და შემდეგ ამ უბნებზე ფიქსირდებოდა 0; ან - 10 კაცი მიდიოდა და ფიქსირდებოდა 1 და ა.შ.
აშკარაა, რომ კომისიაში ადგილი ჰქონდა მანიპულირებებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას," - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%.
არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გამარჯვება, 16-ში მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.