ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას ექმნება სერიოზული საფრთხე. აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
"დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით როგორ მიმდინარეობდა არჩევნები, როგორი ტიპის დარღვევები იყო. მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში დაწყებული მოსყიდვით, გაგრძელებული დაშინებით, უბანზე დარღვევებით, მათ შორის ხმის მიცემით ისე, რომ დაკვირვების ქვეშ იყვნენ ამომრჩევლები ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, ვნახეთ პირდაპირ ფულის დარიგებები და ძირს დაყრილი ბიულეტენები და ბევრი სხვა ტიპის დარღვევა, მათ შორის იარაღიც საარჩევნო უბნებთან, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გვირგვინდება იმით, რომ გავიდა რამდენიმე საათი საარჩევნო დღის დამთავრებიდან, 7 საათია გასული და ჯერ წინასწარი შედეგები არ არის გამოქვეყნებული და არავის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის რამდენი ხმა აქვს.
ასევე აშკარად ვხედავთ, რომ ცესკო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც აწყობს ქართულ ოცნებას, ანუ იმ უბნების მონაცემებს, სადაც ქართული ოცნება არის წინ და არა იმ ოლქების ინფორმაციას, სადაც ვიცით, რომ იქნება მეორე ტურები.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან არის მცდელობა მოახდინონ მანიპულაცია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეულ უბანზე თითოეული ხმა იყოს დაცული.
ქართულ ოცნებას არ დავაშვებინებთ, რომ გააყალბოს ხმები და ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას ექმნება სერიოზული საფრთხე", - განაცხადა კაპანაძემ.