თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლებაში ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილი მოინახულა.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნგრევის მიზეზი შესაძლოა არასწორად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გამხდარიყო.
"როგორც გავიგეთ, მათ მიუმართავთ უსინათლოთა პრეზიდიუმისთვის და სარემონტო სამუშაოები სწორედ აქედან დაწყებულა. ვფიქრობ, კოსმეტიკური სამუშაოები ტარდებოდა და სწორედ რეაბილიტაციის არასწორმა პროცესმა შენობის ჩამონგრევა განაპირობა", - აღნიშნა უგულავამ და აქვე დასძინა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის სამსახურებისა და ისან- სამგორის რაიონის გამგეობისთვის შენობის რეაბილიტაციის თხოვნით არ მიუმართავთ.
მისივე თქმით, ყველა ოჯახი, რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, დროებითი საცხოვრებელი ფართებით დღესვე დაკმაყოფილდება. ინციდენტის მიზეზების დასადგენად კი მოკვლევა ჩატარდება.
ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა დასახლების ორსართულიან შენობაში ნგრევა დღეს, დაახლოებით 12.30 საათზე მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიატუაციების სამსახურის უროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, არსებული ინფორმაციით კიდევ ერთი ადამინია მოყოლილი და მაშველები მის ამოყვანას ცდილობენ.
ერთ-ერთი დაშავებული მეხუთე საავდამყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო სამედიცონო სამსახურების ბრიგადები.