გლდანში ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ საარჩევნო უბანებზე კრიმინალების უპრეცენდენტო მობილიზება ქართული ოცნების უპირობო მარცხის შედეგია.
მისი თქმით, ქართულ ოცნებაში მასზე უკეთ იციან, რომ გლდანის ოლქი წაგებული აქვთ, რის გამოც შექმნეს ის შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც ტელემაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა.
"ალბათ თვალყურს ადევნებთ რა ხდება გლდანის რაიონში, მაგრამ, მერწმუნეთ, იმაზე უფრო შემაშფოთებელი არის ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია იმიტომ, რომ არ ჩანს და არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულისჩამდგმელი არის ხელისუფლება.
უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება ქართული ოცნების კანდიდატი კობიაშვილი. ეს მონაცემები რომ არ მქონდეს არ ვიტყოდი.
იციან მათ, არანაკლებ, ვიდრე მე ვიცი და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე, ხედავთ რას აწყობენ", - ამბობს მელია.
გლდანის რამდენიმე ოლქში სავარაუდოდ ქართული ოცნების მიერ მობილიზებული ამომრჩევლები ტვ პირველისა და პუბლიკის ჟურნალისტს, შემდეგ კი სხვა მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.