შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განმარტებით, პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.
"პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო:
- ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტის - ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
- ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
ჩვენ არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე პერიოდულად, პროაქტიულად მოგაწვდით ინფორმაციას", აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.