დღეს, 24 ოქტომბერს, გაეროს დღე აღინიშნება. გართიანებულ ერების ორგანიზაციას 65 წელი შეუსრულდა. 1945 წლის 24 ოქტომბერს გაეროს წესდება ძალაში შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანმა პან გი მუნმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ორგანიზაციის ლიდერმა წევრ სახელმწიფოებს გაეროს წესდების უფრო მეტად დაცვისკენ მოუწოდა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დევს.
პან გი მუნის თქმით, ორგანიზაციმ უნდა უზრუნველყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვა, არ უნდა დაუშვას სამხედრო კონფლიქტების დაწყება, თავიდან უნდა აიცილოს ბირთვული კატასტროფები და კლიმატის ცვლილებებთან დკავშირებული პრობლემები.
ასევე, პან გი მუნის თქმით, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ათსწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებაც, რაც პან გი მუნის თქმით ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1-ელ იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას", რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - საბჭოთა კავშირი აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგა" უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის და ყირიმის კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.