ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების თანაბარი პირობები.
„კახი ხშირად ამბობს ხოლმე თბილისის წარდგენების დროს, რომ თბილისში გამორჩეული უბნები და რაიონები არ არსებობს. მართლაც ასეა, თბილისში ყველა უბანი სხვადასხვანაირად გამორჩეულია, თუმცა ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია და ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ ეს უბანი შეიქმნა თბილისის და საქართველოს ძირითადი საგანმანათლებლო ცენტრის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ და ამან თავისი დაღი დაასვა აქაურობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმ პროექტებზე, რომელსაც მერია ახორციელებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მე ჩემი მხრიდან უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს დიდი სხვაობა ქალაქებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ თანაბარი პირობები - იცხოვრონ, იშრომონ და განვითარდნენ იქ, სადაც იბადებიან და სადაც ცხოვრობენ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას.
„საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს იქნება ინვესტიციები ჩვენს გზებში, სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპორტულ არენებში. ეს იქნება ის, რამაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაამსგავსოს საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს და ქალაქებს. მერწმუნეთ, რომ ეს ოთხი წელი იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ ორი ოთხი წლის, რომელიც ჩვენ აქამდე გამოვიარეთ და ეს 4 წელი მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, აბსოლუტურად დასაბუთებულად გავაკეთოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ჩვენ ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს შრომა ჩვენს ადგილზე იმისთვის, რომ ავასრულოთ ჩვენი დიდი წინაპრების დიდი ოცნება და ჩვენ ამის შესაძლებლობა დღეს გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გამოწვევა საქართველოსთვის იქცეს შესაძლებლობად.
„მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ გარემოში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება - ნიღბებით დისტანციით, ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ სერიოზული, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. შეგვიძლია, გავიაროთ ვირუსის მეორე ტალღა ზუსტად ისე წარმატებით, როგორც გადავიარეთ პირველი და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და როცა ნიღაბს ვატარებთ, ამას არ ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის, არამედ ვაკეთებთ ჩვენი მეზობლისთვის, ახლობლისთვის, ჩვენი ხანდაზმული ადამიანებისთვის, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, - განაცხადა გორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“.
„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში, სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, ჩვენი ხანდაზმულები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ აღარ და ვეღარ იქნება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუ როდის გაიზრდება პენსია ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის. ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არის ჩამორჩენილი, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ სისტემური რეფორმა განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო სისტემაში, ისევე როგორც, ჩვენ დავიწყეთ და საყოველთაო ჯანდაცვა, დღეს, როგორც შედეგი გვაქვს, როგორც ეფექტურად ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ არ მოვაკლებთ ყურადღებას და ვერავინ დაგვძრახავს იმაში, რომ ყოველთვის ვიტყვით - შესაბამისად უნდა გავუზარდოთ ხელფასი ჩვენს მასწავლებლებს, მედიკოსებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ეს ის ხალხია, ვისზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ეს ის ხალია, ვინც ამ პანდემიის პირობებში ჩვენს ჯანმრთელობას იცავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ - მინისტრის თქმით, ქართველებს სჩვევია დიდ ბრძოლებში და დიდი გამოწვევების დროს გაერთიანება და ახლა ასეთი გაერთიანების დროა.
„ჩვენ გვჩვევია ასე, დიდ ბრძოლებში და დიდი გამოწვევების დროს ვერთიანდებით და ახლა ასეთი გაერთიანების დროა. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ. ჩვენ გვაქვს დიდი მისია, დიდი მიზანი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა - შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.