„ჩემო მთაწმინდელებო და კრწანისელებო, ჩვენ ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ მის წარდგენაზე შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია იყოს იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ რვაწლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, პატივს სცემს დედა ეკლესია და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში.
„ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ზრუნვას საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, დედაქალაქზე, გუნდის წევრი, რომელიც დედაქალაქს უბრუნებს ძველ ისტორიულ იერსახეს, უბრუნებს ორბელიანს და გუდიაშვილის მოედნებს, აშენებს ახალ ქუჩებს, ოღონდ უკვე გამოკვეთილად ევროპული იერსახით, უბრუნებს მზიურს, კიკვიძის ბაღს, მალე განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია, მალე თბილისელებს აჩუქებს ცენტრალ პარკს“, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს იმ გუნდის წევრი, რომელმაც შექმნა საქართველოს ახალი კონსტიტუცია - ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია.
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც პირველად თავად თქვა უარი ძალაუფლების უზურპაციაზე, გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ურთიერთობა მქონოდა დიასპორის წარმომადგენლებთან. ჩემთვის, როგორც პირველი პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლისთვის, რომლის ოჯახის წევრები დაკრძალული არიან ლევილის სასაფლაოზე, ეს იყო ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა მართლაც გმირობა გამოიჩინეს პანდემიის ჟამს და 31 ოქტომბერსაც მათი ხმა უმნიშვნელოვანესი იქნება.
„ჩემო ძვირფასებო, სადაც თქვენ ხართ, იქ ყველგან საქართველოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნაში ისევ გამოიჩინოთ გმირობა და 31 ოქტომბერს დააფიქსიროთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თავის გამოსვლაში ბექა ოდიშარიამ ახლგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უმნიშვნელოვანესია მათი თავისუფლება და ევროპული ხარისხის განათლება.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩემი შვილების თაობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც პირველად აკეთებს პოლიტიკურ არჩევანს და მათზე უფრო ასაკით უფროს ახალგაზრდებს - ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის" უმნიშვნელოვანესია მთავარი რამ - თქვენი სრული თავისუფლება, თქვენი ევროპული ხარისხის განათლება. სწორედ, ამიტომ შენდება თქვენთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თქვენთვის იქმნება ახალი გამწვანებული სივრცეები, შენდება საკონცერტო თუ სპორტული არენები.
თქვენთვის, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. თქვენ, ძალიან მალე, ისარგებლებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. თქვენთვის, რომ ადვილად გემოგზაურათ თავისუფალ სამყაროში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება და ძალიან მალე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დასრულებამდე ჩვენ წარვადგენთ დასაბუთებულ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.