ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ხელისუფლება ამას ბოლო 8 წლის განმავლობაში აკეთებდა - პირველ რიგში, ადამიანის ღირსების გაფრთხილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, შემდგომ 4 წელიწადში, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ევროპულ ფასეულობებს, ევროპულ ინფრასტრუქტურას და სხვ. იმისთვის, რომ 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
„უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების გაფრთხილებით. პირველ რიგში ისე, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ჩვენს ყურადღების ცენტრში, ისე, რომ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადის გაკეთება, ასეთი მარტივი რამ არა თავის დაცვა, არამედ ჩვენი თანამოქალაქის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების დაცვაა. ესაა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შემდგომი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება, პირბადეებით და კიდევ ბევრი სხვა შეზღუდვებით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ბოლო 5-6 თვე, არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარების წინაშე და ეს ის შესაძლებლობაა, რომლითაც შეიძლება ეს კრიზისი ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის შესაძლებლობად. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა, ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და რა არის ამის ყველაზე დიდი საფუძველი, ესაა ჩვენი ერთიანობა. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, მაშინ გაერთიანება. განსაკუთრებით, ეს გაერთიანება ჩვენ გვჭირდება დღეს, როდესაც ორ დღეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევანი და ეს არჩევანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე პარტიის ან პარტიული ძალის არჩევანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის მომავალი წლების განმავლობაში ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების არჩევანი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებულ საქმეზე ვართ ორიენტირებულები და თუნდაც ამ გაკეთებულ საქმეს აქ, თბილისში ყველანი კარგად ხედავთ“,- განაცხადა პრემიერმა.