ადამიანები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, დევნილები არ არიან. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
მისი თქმით, განსაკუთრებით არ არიან ამ სტატუსის ის ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში ცხოვრობდნენ.
"ისინი 15 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ არეულობებში, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, კეტავდნენ გზებს, შემდეგ კი იარაღით ხელში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, დევნილის სტატუსი საერთაშორისოა, ხოლო საერთაშორისო წესების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და თავისი ნებით დატოვეს ტერიტორია დევნილებად ვერ ჩაითვლებიან.
"ასევე დევნილებად არ ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი ადრინდელი საცხოვრებელი ადგილის მონახულების საშუალება ორზე მეტჯერ აქვს. საერთაშორისო წესებით ასეთი ადამიანები დევნილის სტატუსს კარგავენ.
ასე, რომ ახალგორის რაიონის მაცხოვრებლები დევნილებად ვერ ჩაითვლებიან, იმიტომ რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მონახულება", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.