დღეს, 24 ოქტომბერს, "რომპეტროლ საქართველო" თბილისობის დღესასწაულზე ავტომოყვარულებს ორი ღონისძიებით შეუერთდება.
10.00 საათზე აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე მდებარე „რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურიდან, „რომპეტროლის სეზონი 2010"-ის ფარგლებში, სტარტს აიღებს საავტომობილო რალი. 12.00 საათზე კი, ვარდების მოედანზე გაიხსნება მსოფლიოში ნომერ პირველი ავტოჟურნალის „აუტო ბილდის" ანტიკვარული და ახალი მანქანების ავტოშოუ, სადაც საწვავით უზრუნველყოფის გარდა „რომპეტროლი" სპეციალურ საჩურქრებსაც დააწესებს.
საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, რალიში 16 ავტომანქანა მონაწილეობს და შეჯიბრის ფარგლებში ავტომრბოლელებს ალგეთის მიმდებარე მთაგორიან ადგილებში მომზადებული სპეც მონაკვეთების გადალახვა მოუწევთ.
„მრბოლელებს მიეცემათ გადაადგილების გრაფიკი. თბილისიდან გასვლამდე მათ უნდა დაიცვან ქალაქში მოძრაობის ყველა წესი. ეს რალის ერთ-ერთი პირობაა, ხოლო რაც შეეხება სირთულეებს, მათ ალგეთის მთების დალაშქვრა და სხვადასხვა წერტილებში არსებული სირთულეების გადალახვა მოუწევთ. ფინიში ზუსტად 17 საათზე კვლავ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზეა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან,"-აცხადებს ავტოფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
„მიხარია, რომ ორივე ღონისძიება თბილისობას ტარდება. რალის გამარჯვებულებისთვის „რომპეტროლმა" საპრიზო ფონდად ნახევარი ტონა საწვავი დააწესა, რომელიც ორ კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდება. ასევე სიამოვნებით შევუერთდით „აუტო ბილდის" ავტოშოუს, სადაც საგამოფენოდ და გასაყიდად გამოტანილი იქნება ანტიკვარული და ახალი მანქანები. მათი შეძენის შემთხვევაში „რომპეტროლ საქართველო" ყოველ მყიდველს საჩუქრად 50 ლიტრ ეფიქსის საწვავს გადასცემს, საინტერესო პირობების შეთავაზებას სხვა სპონსორებიც აპირებენ" - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი „რომპეტროლ საქართველოა". კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლელებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალა-დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.
"რომპეტროლის სეზონი 2010"-ს ფარგლებში, შემდეგი საავტომობილო შეჯიბრი 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება, სადაც პროფესიონალები წრიულ რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას.