დღეს, 24 ოქტომბერს, "ღვინის კლუბის" ორგანიზებით, "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, აბანოთუბანში, რესტორან "პურის სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური აქციას მოეწყობა.
ორგანიზატორების განმარტებით, აქციის ფარგლებში სპეციალურად "თბილისობის" დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი დასახელების ღვინო.
სპეციალურად ჩამოყვანილი მეთუნე სტუმრებისა და მნახველების თვალწინ დაამზადებს ჩაფებს, დოქებს, კოკებს, ჯამებს და ახსნის მათი დამზადების ტექნოლოგიას. იმავდროულად, "ღვინის კლუბის" ექსპერტები ჩაატარებენ ლექციას ტრადიციული კახური და საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოების დაყენების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაციები.
ასევე დარიგდება და გაიყიდება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ბეჭდური მასალა, სადეგუსტაციო ჭიქები, მაისურები და სხვა ატრიბუტიკა "თბილისობისა" და "ღვინის კლუბის" სიმბოლიკით.
შეგახსენებთ, რომ "ღვინის კლუბი" 2009 წელს შეიქმნა და ის ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, ვინოგე.ცომ-ის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც, მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს.
"ღვინის კლუბის" მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.