დღეს, 24 ოქტომბერს, "თბილისობის" დღესასწაულის მეოთხე დღის აღსანიშნავად ღონისძიებები დილიდან დაიწყება.
ძველი თბილისის უბნებს: მთაწმინდას, ვერასა და სოლოლაკს თეატრალიზებული ფორმით, ტრადიციის" მსგავსად ცეკვით, მუსიკის თანხლებით ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ჯგუფი მოივლის და მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვევს.
დარიგდება საინფორმაციო-სარეკლამო ტრიპლეტებიც. მეიდნის ტერასაზე, მსურველთათვის გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები გაგრძელდება.
მტკვარზე მსურველთათვის ტივი იმოძრავებს.
ნიჩბოსნობის პოპულარიზაციის მიზნით, მტკვარზე საწყალოსნო სპორტის სახეობებში: აკადემიურ, კანოეთი და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, შეჯიბრებები გაიმართება.
ღონისძიებები "ვარდების მოედანზეც" გაგრძელდება. ქართული სიმღერის, ცეკვისა და საკრავების თანხლებით ეროვნული თამაშები და მასობრივი სპორტული ღონისძიებები მოეწყობა. შეჯიბრებების ორგანიზატორები გამარჯვებულებს გამოავლენენ და ცხვრით, ციკანითა და ღვინით დააჯილდოებენ.
აქვე, ჟურნალ "AUTO BUILD"- ის ორგანიზებით, ანტიკვარული და ახალი მოდელების მანქანების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
შარდენის ქუჩაზე, სიონის სკვერსა და ბამბის რიგში კი, ტრადიციული ხილის ფესტივალი მოეწყობა.
აბანოთუბანი ეროვნული უმცირესობების ფოლკლორული კონცერტს და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უმასპინძლებს. ხოლო რესტორან "პურის სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი დაიწყება.
ფესტივალში მონაწილეები ქართული ღვინოსა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებენ.
გაიმართება იშვიათი ღვინის ჯიშების დეგუსტაცია, ლექცია-საუბარი ღვინის დაავადებების და ტრადიციული კახური და სხვადასხვა კუთხეების ღვინოების დაყენების შესახებ.
"დედაენის ბაღში" გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ვარკეთილში, დასასვენებელი პარკის სპორტულ მოედანზე _ მხიარული სტარტები, "მუშტაიდის ბაღში" _ თბილისის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების კონცერტი.
იეთიმ გურჯის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მწერალთა კავშირი ორგანიზატებით თბილისის თემაზე შექმნილი ლექსების კითხვა _ "ლექსის ალავერდობა" მოეწყობა.
საქართველოს ეროვნული არქივში საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით მიმდიარეობს გამოფენა _ "მრავალფეროვანი თბილისი" და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
გალერეა "გვირაბში" (მეიდნის ქვეშ) 7 ქართველი და 3 უცხოელი მხატვრის მიერ 10 დღის განმავლობაში "მშვიდობის ხიდზე" შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება.
ათონელის ქუჩაზე, "გალა გალერეაში" ზაარბრუკენის და თბილისის დაძმობილების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - "ანდრე მაილენდერის პორტრეტები" მოეწყობა. გამოფენას ზაარბრუკენის მერი, შარლოტა ბრიტცი ოფიციალური დელეგაციის თანხლებით დაესწრება.
"მოდის კვირეულის" ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში კი, დიზაინერთა მოდელების ჩვენება გაიმართება.
სასტუმრო "რედისონში" არქიტექტურული პრემიის დაჯილდოება შედგება.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (გალა-კონცერტი) გაიმართება.
თბილისობის დღევანდელი პროგრამა "მშვიდობის ხიდთან" მიუზიკლს "ვერის უბნის მელოდიებით" დასრულდება.