ჩვენი ხელისუფლების პირობებში თევზჭერის დარგის აღსადგენად ყველაფერი გაკეთდა და ვიმედოვნებთ, ჩვენი დახმარებით მალე თევზჭერის ფლოტილია აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსების სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
"წინა ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში თევზჭერა უყურადღებოდ იყო მიტოვებული, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი თევზჭერის დარგის აღსადგენად ყველაფერი გავაკეთეთ. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ავამოქმედეთ სპეციალური პროგრამების პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს თევზჭერას და იმ ადამიანებს, ვინც შეიძენენ შეუკვეთენ, ააშენებენ თევზსაჭერ გემებს და მოემსახურებიან მათ. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით, ასევე სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით. სასიხარულოა, რომ პირველი ასეთი პროექტი დღეს იქნა ხელმოწერილი, ხოლო კიდევ სამი პროექტი მომზადების პროცესშია. ვიმედოვნებთ,რომ უახლოეს თვეებში ჩვენი დახმარებით თევზჭერის ფლოტილია აღდგება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.