„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის უაღრესად პრობლემურ თემატიკასთან დაკავშირებით. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, მაგრამ მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. აუცილებელია, ქვეყნის საზღვრების დადგენა, რადგან სახელმწიფოებრიობა, სამშობლო, იწყება საზღვრიდან. დარწმუნებული ვარ, ის პროცესი რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და რაციონალური რეგიონალური პოლიტიკის შედეგია, ის, რომ კიდევ უფრო გამყარდა და განმტკიცდა თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან.
„მიხარია და ამაყი ვარ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აღრმავებს კეთილმეზობლურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას მეზობელ სომხეთთან, ასევე აღსანიშნავია, რომ დაფუძნდა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატი, რამაც აღნიშნული ქვეყნები კიდევ უფრო დააკავშირა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
„დღეს საქართველოს მსოფლიოში იცნობენ, როგორც რეგიონალურ ჰაბს უდიდესი პოტენციალით - ყველაზე მოსახერხებელი და საიმედო მარშრუტებით დააკავშიროს ევროპისა და აზიის სახელწმიფოები და კასპიის ზღვის ენერგო რესურსები ხელმისაწვდომი გახადოს ევროპული ბაზრისთვის.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად განმტკიცდა საქართველოს კავშირები ევროპის სახელმწიფოებთან. „დღეს საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატები აკავშირებს ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს სახელწმიფოებთან.“- განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გამოყოფის შემდგომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო და განსაკუთრებულ რეგიონალურ იმიჯზე მეტყველებს. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ოლივერ უორდროპის სახელობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაფუძნდა.
საგარეო საქმეთ მინისტრის განცხადებით, ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დაფუძნდა და ამოქმედდა დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი, ასევე გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი, რომელიც მინისტრის თქმით: „ხაზს უსვამს ევროკავშირისა და ნატო-ს ორი წამყვანი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და წარმოადგენს ჩვენი პარტნიორობის გამოხატულებას.“
დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, რასაც მოწმობს - საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის საბჭო „თბილისის კონფერენციის“, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი უკრაინასთან.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა შესაბამის რეიტინგებში პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, რაც ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო განმტკიცებას.
მინისტრის თქმით, კვლავაც გაგრძელდება მუშაობა ევროპის სახელმწიფოებთან, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების დაფუძნების და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ განვითარებას.