დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის კვირეულის მესამე დღეს, ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფი გახსნის. ისინი, "ძველი ტრადიციის" მიხედვით, მუსიკის თანხლებით 09:00 საათიდან ძველი თბილისის უბნებს (მთაწმინდა, ვერა და სოლოლაკი) მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრების თბილისობის ღონისძიებებში მოწვევის მიზნით მოივლიან. ასევე საინფორმაციო-სარეკლამო ტრიპლეტებს დაარიგებენ.
მეიდნის ტერასაზე გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები 11:00 დაიწყება. აბანოთუბანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, გამოყენებითი ხელოვნების დარგებში - ტრადიციული, თანამედროვე თექა, სვანური ქუდების თელვა, ტრადიციული ქსოვა (ფარდაგი, ჯეჯიმი, ჩითები, პაჭიჭები), ტრადიციული ხევსურული, ჯვრული ქარგვა, ქვილთი (ძველი ტრადიციული, თანამედროვე დეკორატიული) და სხვა მასტერკლასებს ჩატარებენ.
მასტერკლასებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდზე წწწ.ფოლკ.გე
12:00 საათზე ვარდების რევოლუციის მოედანზე საწნახელში ყურძენს დაწურავენ, იქვე თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი "ბიგბენდის" და ქართველი მომღერლების საესტრადო კონცერტი გაიმართება. პარალელურად, ქართული ყველის ნაირსახეობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
12-იდან 17 საათამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ჟურნალ "AUTO BILD"-ის ორგანიზებით დაგეგმილია ყველაზე გამორჩეული ანტიკვარული მანქანის გამოფენა - "თბილისის ავტო შოუ".
ღონისძიების ფარგლებში საავტომობილო დილერები მხოლოდ ერთი დღით, უპრეცედენტო პირობებით - ფასდაკლებით გაყიდიან უახლეს მოდელებს. "AUTO BILD საქართველო" ორგანიზებას გაუკეთებს მართვის გაცემის სახალისო გამოცდას. გამოცდა ჩაუტარდებათ ცნობილ სახეებს და ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, საზეიმო ვითარებაში მიიღებს "AUTO BILD" საქართველოს მართვის მოწმობას.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით კი მტკვარზე დილიდან ტივი იმოძრავებს, ხოლო დედაენის ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
12:00სთ-იდან 14:00სთ-მდე, გლდანში, ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხიარული სტარტები მოეწყობა, ხოლო მუშტაიდის ბაღში თბილისის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების კონცერტი მოეწყობა.
ასევე საქართველოს ქალთა საბჭო წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში ქართული ხალხურ, აღმოსავლურ და ევროპულ, კლასიკურ და მექანიკურ საკრავებს გააცნობს.
თბილისის ისტორიის მუზეუმში თბილისობის დღესასწაულზე 18:00 საათზე
მხატვარ მანაბა მაგომედოვას ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში ქეთი ჩხიკვაძის, ზენკა და მარის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში კი ბიჭოლას, ლაკო ბუკიას და ანდრე თანის მოდების ჩვენება გაიმართება.
სამხატვრო აკადემიაში დაგეგმილია "კიმანო შოუ", ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" კინო- და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალის" დაჯილდოების ცერემონიალი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მურმან ჯინორიას სპექტაკლის პრემიერა "ქარი მწყურია მე პირდაპირი" გაიმართება.
თბილისობის კვირეულის მესამე დღე 20:00 საათზე მეიდანზე ჯგუფ "შინის" ალბომის "ეს არი" პრეზენტაცია-კონცერტით დაიხურება.