შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს წევრობაზე ემი კონი ბარეტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ემი ბარეტმა კენჭისყრაში მონაწილე 12-ვე რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა მოიპოვა. ცოტა ხნით ადრე, სენატის იურიდიული კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა განაცხადეს, რომ პროცესი ფიქციურია და კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
იურიდიული კომიტეტის დამტკიცების შემდეგ, ბარეტის კანდიდატურას სენატის საერთო სხდომაზე განიხილავენ და კენჭს საბოლოოდ უყრიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, ეჭვგარეშეა, რომ ემი კონი ბარეტის კანდიდატურა დამტკიცდება და ის უზენაესი სასამართლოს წევრი გახდება.
ემი კონი ბარეტის უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევა კიდევ უფრო გააძლიერებს სასამართლოს კონსერვატიულ ფრთას.