ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, რა თქმა უნდა დასაფასებელია სამართალდამცავების საქმიანობა, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ ამას, მაგრამ ამ საქმის წარმატებულობაზე საუბარი, როდესაც ბოროტმოქმედი გაქცეულია, არ შეიძლება.
ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ „პოლიტიკური კლოუნ“ კობახიძეს და ივანიშვილის გარემოცვას არ ესმით, რომ ამგვარი საქმეები არის კრიმინალის წახალისება, არის კატასტროფა და ამით ქვეყანა მიდის უფსკრულისაკენ.
„გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რეაქცია რაც ვიხილეთ ივანიშვილის რეჟიმის, განსაკუთრებით, გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის, კობახიძის, არის კიდევ ერთი დასტური, როგორ არის ჩვენი ეროვნული ინტერესი ამ ხელისუფლების, ივანიშვილის მთელი ამ გარემოცვის შეცვლა რამდენიმე დღეში არჩევნებზე და ზოგადად, ცვლილებების მოტანა ჩვენ ქვეყანაში.
დღეს ვნახეთ განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლების ოპონენტებს სწყინთ, გაბრაზებული ვართ ვითომ ჩვენ, ევროპული საქართველო, წარმატებულ პოლიციის ოპერაციაზე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ამ პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს და ივანიშვილის სხვა სპიკერებს არ ესმით, რომ რათქმაუნდა, მთელი საზოგადოება მადლიერი ვართ ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს და ის, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ, ეს არის კარგი. მაგრამ, წარმატებულ ოპერაციაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, ფული წაიღო და მიმალულია, როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, სანამ ეს ადამიანი დაკავებული არ იქნება.
ის, რომ ამ ადამიანს და ივანიშვილის გარემოცვას არ ესმით, რომ ასეთი ამბები არის წახალისება მომავალი დანაშაულის და მომავალში მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა, საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა, ეს არის კატასტროფა. ეს ხალხი უნდა გამოვცვალოთ სასწრაფოდ, თორემ ამ გზით ჩვენ მივდივართ უფსკრულისკენ, მთელი ქვეყანა.
თავისთავად, ის რომ არ ესმით, რომ ასეთი ვითარების დროს, კრიმინალურ ვითარებაზე დისკუსია არის დემოკრატიისთვის აუციელებელი ნაწილი, ჩვენ ევროპული საქართველოს ტალახი არ გვისვრია, კონკრეტულ ადამიანებზე შეთქმულების თეორიებს არ ვისვრით ხოლმე, რომ რაიმე დანაშაული არის ივანიშვილის ბრალი, მაგრამ საერთო ვითარება კრიმინალური, რომ მთელი ეს წლებია მძიმდება და ეს ყველაფერი გადატყდა პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების თავზე, ეს არის ფაქტი და ამას აქვს მიზეზები პირდაპირ ივანიშვილის პოლიტიკაში, რომელიც უნდა შეიცვალოს მის შეცვლასთან ერთად არჩევნებზე.
ეს არის კრინინალურ სამყაროსთან შეკვრა, მათი გაძლიერება, პოლიციის დასუსტება, აი ამაზეა საუბარი და ეს ხალხი ბედავს დღეს და ტალახს ისვრის და გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდნენ, იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებულები იყვნენ თვითონ ამ ფაქტით, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული ჯერ-ჯერობით წარმატებით გაუვიდა ბოროტმოქმედს. როდესაც ხარ მთავრობაში, ამით უნდა იყო შეწუხებული და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ტალახის ამ აგორებულ, აბსურდულ კამპანიას, როგორც ყოველთვის შვება ივანიშვილი.
ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ქვეყანაში, უნდა ვიაროთ წინ, დიახ კრიმინალთან უნდა იყოს მკაცრი ბრძოლა და არა პოლიტიკური შეთანხმება, ოღონდ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ჩვენ პოლიტიკურ კონკურენტს ოპოზიციაში, სააკშვილს სურს, უნდა წავიდეთ წინ, თან კრიმინალთან ბრძოლა მკაცრი, მაგრამ თან თავისუფალი სასამართლო და ურთიერთდაბალანსება ყველა შტოსი, რომ თან შედეგი მივიღოთ კრიმინალთან ბრძოლაში, მაგრამ ამას არ შეეწიროს არცერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა“, -განაცხადა ბოკერიამ.