მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ლომჯარია აღნიშნავს, რომ მძევლის დისკრედიტაციის კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება ძალიან სახიფათოა.
"შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა", - წერს ლომჯარია.
დღეს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა.
სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სამი მძევალი გათავისუფლდა. შენობაში 16 მძევალი რჩება.