თბილისში, თემქის დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელსაც კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალი და მასთან მცხოვრები შშმ პირი კლინიკაში არ გადაჰყავს, მეზობლებმა გზა გადაუკეტეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მე-12 დღეა 65 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია, ხშირად უწევთ სასწრაფოს გამოძახება, თუმცა სასწრაფოს არ გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ კლინიკებში ადგილები არ არის.
"65 წლის ქალთან ერთად ცხოვრობს მინდობით აღზრდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწოვანი. კორონავირუსი მასაც დაუდასტურდა, თუმცა სასწრაფოს არც ერთი მათგანი კლინიკაში არ გადაჰყავს. ორივეს აქვს სუნთქვის პრობლემა და ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეუძლიათ", - უთხრა "ჯი-ეიჩ-ენს"ოჯახის ახლობელმა.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ არის.
მისივე თქმით, პრეტენზიების სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან, რომელიც მათ დაყოვნებას უკავშირდება, არაკორექტულია.