საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის კომისიის საქმეზე პროკურატურაში, შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაიბარონ. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე.
ირაკლი ალასანიას გამოკითხვის საფუძველი შეიძლება გახდეს გეოგრაფისა და გეოლოგის, ვლადიმერ მირიანაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ ალასანიამ მიუგზავნა მას შუამავალი, რომელიც ეუბნებოდა, რომ დახმარება კომისიაში მოღალატეების გამოსავლენად სჭირდებოდათ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.
2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.