მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო.
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩი დეგნანი შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ლეგიტიმური და სანდო საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას.
კელი დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.