ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება გამორიცხულია, რადგან რუსეთის იმპერატორი ვლადიმერ პუტინი, როგორც კი დაინახავს გაპრემიერებულ სააკაშვილს საქართველოში ეგრევე გადმოვა ცხელ ომზე. ნათელაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოპოზიციური ერთიანობა, ჩვენი ხალხის უდიდესი ბრძოლის შედეგია რეჟიმთან და ასევე მეც, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ კონსოლიდირებისთვის და მომავალშიც თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით აღნიშნულ მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ახლა გუშინდელ და იმის წინანდელ ბინძურ რეიტინგებზე, რომელიც მისი დაწერილია, არაფერს აღარ ვამბობ და რომელიც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ პირველ რიგში, „ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ“. მე მხედველობაში მაქვს, რომ მან ჩაშალა სწორედ რეგიონებში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების იდეა. მან შეიტანა რღვევა თბილისში უკვე შეთანხმებულ მაჟორიტარულ კანდიდატთა ერთობლივ ფრონტში. მან ჩაწერა შვიდი ოლიგარქი ივანიშვილისგან გამოგზავნილი პარტიულ სიაში საკუთარ ლიდერებზე წინ, რომლებიც მერე გადავლენ დაუყოვნებლივ ივანიშვილთან პარლამენტში შესვლის შემდგომ და მანვე გამოაცხადა, რომ თვითონ მარტო დააკომპლექტებს მომავალ მთავრობას ყოველგვარი მრავალპარტიულობის გარეშე, რაც სრული აბსურდია კონსტიტუციური მოდელის მიხედვით", - განაცხადა ნათელაშვილმა.