4-5 ნოემბერს საქართველოს უესექსის გრაფი პრინცი ედუარდი ეწვევა. იგი ოფიციალურად გახსნის ბრიტანეთის საელჩოს ახალ შენობას კრწანისში.
ვიზიტისას იგი შეხვდება საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს. იგი გაეცნობა ბი-პის საქმიანობას საქართველოში, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ბრიტანეთის საბჭოს მოღვაწეობას.
"მოხარული ვარ, რომ მისი უდიდებულესობა პრინცი ედუარდი ბრიტანეთის საელჩოს შენობას ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჩვენი ახალი შენობა აშკარა გამოხატულებაა იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას. მისი უდიდებულესობა გაეცნობა ჩვენს ურთიერთობის მრავალმხრივ მიმართულებებს, მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას, კულტურისა და ხელოვნების დარგში კავშირებს, კომერციულ და საინვესტიციო საქმიანობას. ჩემი საელჩო გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ კი კომერციული კავშირები", - განაცხადა საქართველოში სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმა.