ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰომოფობიურ განცხადებას გმობს და გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კალიულაიდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ბოროტებისა და სიძულვილის ადგილი პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის", - ამბობს კერსტი კალიულაიდი.
პოლიტიკური სკანდალი ესტონეთში მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.
გარდა ამისა, მინისტრმა ესტონეთში მცხოვრებ ჰომოსექსუალებს ურჩია, რომ შვედეთში წავიდნენ საცხოვრებლად, რადგან მათ "იქ უფრო თავაზიანად უყურებენ" და დასძინა, რომ თავად "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ არამეგობრულია".
"მინისტრი ამგვარი მსოფლმხედველობით არ გამოადგება ესტონეთის მთავრობას", - თქვა თავის განცხადებაში კალიულაიდმა და აღნიშნა, რომ თავისი ეს მოსაზრება ესტონეთის პრემიერ-მინისტრსაც გაუზიარა.
ესტონეთის კონსერვატიული პარტია [სწორედ ამ პარტიის ლიდერია შინაგან საქმეთა მინისტრი], რომელიც კრიტიკულია ევროკავშირისა და მიგრანტების მიმართ, კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში 2019 წელს შევიდა.