შეზღუდვების მიუხედავად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება.
ტაილანდის პრემიერ მინისტრმა, გენერალმა პრაიუთ ჩან-ოჩამ ბანგკოკში 16 ოქტომბრიდან 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მძლავრი საპროტესტო აქციების ფონზე.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ მის გადაყენებას, ახალი კონსტიტუციის მიღებასა და მონარქიის რეფორმირებას. ბანგკოკში საპროტესტო აქციები ივლისისიდან დაიწყო, ბოლო დღეებში კი საპროტესტო ტალღა გაცილებით გაფართოვდა. ათიათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში.
პრემიერ-მინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩას ხელისუფლებაში 2014 წელს სამხედრო გადატრიალებით მოვიდა და გასული წლის არჩევნებში საკამათო გამარჯვება მოიპოვა.
მონარქიის რეფორმირების საკითხი ყველაზე მგრძნობიარეა ტაილანდში, რადგან მეფის მიმართ ნებისმიერი კრიტიკა იურიდიულად ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით.
ამასთან, ასეთი შეურაცხყოფის განმარტება ძალზე ბუნდოვანია და უფლებადამცველები ხშირად აღნიშნავენ, რომ კანონი გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ოპოზიციის ჩასახშობად.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ არა მონარქიის გაუქმება, არამედ მისი რეფორმირება.




ფოტო: Reuters, EPA