23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართება კინო- და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის, "ოქროს თვალის" საზეიმო დახურვა.
"ოქროს თვალი 2010" ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ესტონეთის, აშშ-ის, გერმანიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, ხორვატიის, ბრაზილიის, ინდოეთის, პაკისტანისა და ავსტრიის კინო- და ტელეოპერატორებმა.
ფესტივალს ესტუმრნენ კომპანია Harris, Sony, Canon, JVC, Fujinon, Telex, Panasonic, Vitec Group-ის წარმომადგენლები. ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავმჯდომარე _ რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, კინორეჟისორი ოთარ ლითანიშვილი; მსოფლიო ტელეოპერატორების გილდიის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ჰენშალი (დიდი ბრიტანეთი); ამსტერდამის კინოტელეაკადემიის პროფესორიო, ვიზუალური ხელოვნების დარგში მარია ზონეველდი (ჰოლანდია); ტელერეჟისორი არსენ არაკელიანი (სომხეთი); კინორეჟისორი ელხან ჯაფაროვი (აზერბაიჯანი); ტელერადიოინსტიტუტის რექტორი, ტელერეჟისორი კახა კახაბრიშვილი.
საკონკურსო ნომინაციებია: 1. საუკეთესო რაკურსი, 2. საუკეთესო პორტრეტი, 3. ორიგინალური კადრი, 4. საუკეთესო ვიდეო ჩანახატი, 5. საუკეთესო სიუჟეტი,
6. სარისკო კადრი, 7. საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, 8. საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, 9. გრანპრი ოქროს თვალი.
ფესტივალი "ოქროს თვალი" პირველად 2009 წელს ჩატარდა საქართველოში. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კომპანია ბილაინი, რეალ-თV, ტელეკომპანია მაესტრო.