თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებული კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.
როგორც იუწყებიან, სააპელაციო სასამართლომ დაკავებულების ადვოკატების სააპელაციო სარჩელი დაუშვებლად ცნო, შესაბამისად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.