ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი საქართველოს ჩეჩენი ბოევიკების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი ბოევიკები საქართველოდან დაფინანსებას იღებენ და საქართველო მათი ერთადერთი მხარდამჭერია.
"სერიოზული - ფინანსური და მორალური მხარდაჭერის წყაროები ბოევიკებს ახლა ცოტა დარჩათ. ადრე ისინი იღებდნენ ფინანსურ მხარდაჭერას და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს ტერიტორიიდანვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ბანდიტების მთელი ჯგუფები იგზავნებოდა და დღესაც შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთ წყაროდ, რომელიც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან რჩება საქართველო", _ აცხადებს რამზან კადიროვი.
მისივე თქმით, - "არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ახლაც ხდება ახალგაზრდების გადაბირება და მათი ჩეჩნეთში გამოგზავნა. ახლაც არის გარეწრები რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ინგლისში _ უდუგოვისა და ზაკაევის მსგავსები. იქ მათ მხარს უჭერენ და არ აბარებენ ამ ტერორისტებს, იმისათვის რათა ისინი აქ კანონით გასამართლდნენ", _ აცხადებს კადიროვი.
ამასთან ერთად კადიროვი აცხადებს, რომ ადგილები სადაც ბოევიკებს ძალიან მაგრად უჭერენ მხარს პრაქტიკულად აღარ დარჩა.
"ჩეჩნეთში არის არამრავალრიცხოვანი უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჯგუფი და იგი ადგილობრივ მაცხოვრებელთა 50-70 ადამიანიდან შედგება. მათ წინააღმდეგ ბრძოლა კი მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს", _ განაცხადა მან.
ჩეჩნეთის მეთაური ასევე აცხადებს, რომ 'საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში შეიძლება.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სხვა ქმედებები რომლებიც რუსეთის ნაწილის, ჩრდილო კავკასიის ცალკეული რეგიონების თანამშრომლობისკენაა მიმართული აბსოლუტურად უპერსპექტივოა", _ აცხადებს კადიროვი.