ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ, მე ესე მწამს. ცურტაველი ეპისკოპოსი, მეუფე ვახტანგი კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება.
მეუფე ვახტანგის თქმით, მელაშვილი და ილიჩოვას "ასე გაწირვა არ შეიძლება".
"ის ხალხი, სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით, რას აკეთებენ არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. პირველ რიგში ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავეა არიან და ჯერ არ არის გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხები და რატომ ღელავს ორივე მხარე მე არ ვიცი", - აცხადებს მეუფე ვახტანგი.
დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური კონტექსტი, მეუფე ვახტანგი პასუხობს, რომ შეიძლება იყოს კიდეც, ჯერ ვერ ვიტყვით.
"ყველაფერს გაარკვევს არჩევნები, გადაწყვიტავს და მე მინდა, რომ უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე, მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ“, - დასძინა მეუფე ვახტანგმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.