ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიღწეულ იქნა პოლიტიკური შეთანხმება საფრანგეთისა და გერმანიის წინადადების განსახორციელებლად [ნავალნისთან ინციდენტთან დაკავშირებით სანქციების დაწესება]", - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთსულოვანი იყო.
"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ტექნიკური გუნდი გააგრძელებს მუშაობას გერმანიისა და საფრანგეთის მიერ მოწოდებულ სიასა და მტკიცებულებებზე. ყველა წევრმა ქვეყანამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი", - დასძნა ჟოზეპ ბორელმა.
გავრცელებული ცნობით, ოთხშაბათიდან, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შემოთავაზებული შავი სიის დამტკიცებაზე დაიწყებენ მუშაობას.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გერმანელი ექიმების წყალობით კი სიკვდილს გადაურჩა. ამ დროისთვის კომიდან გამოსული პოლიტიკოსი კვლავ გერმანულ კლინიკა "შარიტეში" გადის მკურნალობის კურსს.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერების კვალი ნავალნის ბიოლოგიურ ნიმუშებში. ეს არის გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები. ასევე, ამ მასალებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც (OPCW) იკვლევს.
დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს დაიწყოს გამოძიება ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე და დასაჯოს დამნაშავეები ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თუმცა, კრემლი უარყოფს იმას, რომ ნავალნი მოწამლულია და აცხადებს, რომ გერმანიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი შესაბამისი მონაცემები.
ამავე დროს, ბუნდესვერის ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტმა, რომელმაც ნავალნის ბიომასალაში "ნოვიჩოკის" კვალი გამოავლინა, განმარტა, რომ არ შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის საქმის საიდუმლო ვითარებიდან გამომდინარე.