საქართველო „რემდესივირს“ 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც.
„ეს მედიკამენტი ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება, ჰქონდეს ეს მედიკამენტი. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან ბევრი ქვეყანა დგას მედიკამენტის რიგში, ასევე ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი. ზოგიერთ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება წამლის მოწოდებას, თუმცა აქ გამოინახა მექანიზმები, რომ 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და სადღაც, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა, სამკურნალოდ დაემატებათ „რემდესივირი“, ხოლო შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.