მიხეილ სააკაშვილმა ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მეტი მიზანი და იდეა მას [სააკაშვილს] უბრალოდ არ აქვს.
"ამის შედეგია, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სია. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად“, - ამბობს უგულავა და აქვე კითხვას სვამს, „რა ხდება, წავაგეთ? არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას“.
„ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. შვიდი წელია, ივანიშვილის თამაშია, აქეთ მე, იქით მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობერზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს, ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ „მეგატრონებს“ ეს საერთოდ არ ადარდებს“, - ამბობს უგულავა და აღნიშნავს, რომ გამოსავალია, რომ „სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას“.
„არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა“, - ამბობს უგულავა.